საქართველოს პროკურატურა დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უწყებისთვის ე.წ. შესაშინებელი სიების "ყალბი ტირაჟირება" ახალი არაა.
უწყებაში ამბობენ, რომ "პროკურატურის თანამშრომლების მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელება პერიოდულ და კამპანიურ ხასიათს ატარებს".
"ნათელია, რომ დღეს პროკურორების მიმართ დაწყებული მორიგი ცრუ პიარ კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს უწყების დისკრედიტაციის უსუსურ მცდელობას. ხაზი უნდა გაესვას, რომ აღნიშნული კამპანიის ავტორები ცდილობენ, პროკურატურის და კონკრეტული პროკურორების საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენას და ამასთან დაკავშირებითაც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მსგავსი სიყალბეებით და დეზინფორმაციებით ვერავინ მიაღწევს მიზანს.
რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის შესაძლო კავშირს საქართველოს პროკურატურასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ იგი 2013 წლის შემდგომ არ მუშაობს უწყებაში და მას შემდგომ არანაირი შემხებლობა არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს საქართველოს პროკურატურასთან. აღნიშნული სიცრუის ტირაჟირება არ არის ახალი და წლების განმავლობაში, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელების არაერთი მაგალითი გვინახავს. შესაბამისად, ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს კონკრეტული შემთხვევაც ამ ყალბი საინფორმაციო ხაზის გაგრძელების მორიგი უსაფუძვლო მცდელობაა. მოვუწოდებთ, აღნიშნული და მსგავსი დეზინფორმაციის ავტორებს, თავი შეიკავონ ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან", - წერია განცხადებაში.
დღეს, 23 ივნისს, დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ "ოლიგარქიის საყრდენი" პროკურორების დასანქცირებაზე ისაუბრა.
კონკრეტული პროკურორები ჩამოთვალა, რომლებიც ივანიშვილის პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ.
პროკურორები, რომელთა დასანქცირებასაც ხოშტარია ითხოვს: ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი შოთაძე, ჯარჯი წიკლაური, მიხეილ სადრაძე, ამირან გულუაშვილი, რევაზ ბაღაშვილი არიან.